English / ქართული / русский /
მალხაზ ჩიქობავა
გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ალტერნატიული ფული

ანოტაცია

ამ ნაშრომში ჩვენ ვსაუბრობთ ალტერნატიული ფულის შექმნაზე. დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ახალი სიტყვები, როგორიცაა „კრიპტოვალუტა“, „ციფრული ფული“, „ვირტუალური ვალუტა“, „ელექტრონული ფული“, „ბიტკოინები“, „ელექტრონული საფულეები“, „ბლოკჩეინები“, „ალტერნატიული ფული“, „ქსელური ფული“ და ა.შ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მსგავსი ლექსიკონით სარგებლობდა ადამიანთა ძალიან ვიწრო წრე _ მათემატიკოსები, პროგრამისტები, საგადახდო და საკომუნიკაციო სისტემის სპეციალისტები, გამშიფრველები ბანკებიდან და სპეცსამსახურებიდან.

მიღებულია б ახალ კრიპტო ინსტრუმენტებს ეწოდოს „ვალუტა“, „ფული“. მაგრამ ეს აშკარად გადაჭარბებაა. ნებისმიერი ფულის ძირითადი ფუნქცია „ღირებულების საზომის“ ფუნქციაა, ფულის დახმარებით განისაზღვრება ფასები საქონელზე, მომსახურებაზე, აქტივებზე, სამუშაო ძალაზე და ა.შ.. თვით თანამედროვე ოფიციალური ვალუტები ცუდად ასრულებს ამ ფუნქციებს, რადგანაც მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქაღალდის ფულის სტანდარტი, ხოლო ვალუტების კურსი მკვეთრი რყევებით ხასიათდება. მით უფრო მერყეობით ხასიათდება კრიპტოვალუტების კურსიც.

ზუსტად ასევე საეჭვოა, რომ კრიპტოვალუტები ასრულებდეს ფულის ზუსტად ისეთ ფუნქციას, როგორიცაა „გაცვლის საშუალებისა“ და „გადახდის საშუალების“ ფუნქციები. მრავალრიცხოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება კრიპტოვალუტები საქონლისა და მომსახურების საყიდლად _ რეკლამების კატეგორიებიდანაა. კრიპტოვალუტების გამოყენებით ყველა ოპერაციის ლომის წილი, ესაა სხვა ვალუტებზე გაცვლა. თუ გავითვალისწინებთ კრიპტოვალუტების კურსის მკვეთრ რყევებს, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ესაა მარტოოდენ სპეკულაციური ხასიათის ოპერაციები. მაშასადამე, კრიპტოვალუტები ფული არაა, არამედ აზარტული თამაშების ინსტრუმენტი ე.წ. რულეტკის ან სათამაშო კარტის მსგავსი.

საკვანძო სიტყვები: გლობალური კრიზისი, ალტერნატიული ფული, კერძო ფული, ცენტრალური ბანკი, თავისუფალი ფული, კრიპტოვალუტა, ციფრული ფული, ვირტუალური ვალუტა, ელექტრონული ფული, ბიტკოინები, ბლოკჩეინები, იტაკას საათი, სამეურნეო-საბაზრო კოოპერატივი.

მიუხედავად იმისა, რომ ფულადი მასა, რომელიც ემიტირებულია ცენტრალური ბანკების მიერ (ნაღდი ფული) და კომერციული ბანკების მიერ (უნაღდო ანგარიშსწორება, დეპოზიტური ფული), სწრაფად იზრდება, მსოფლიო მაინც განიცდის უსერიოზულეს ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (საბ) მონაცემებით, მთელი მსოფლიოს ქვეყნების ფულადი მასის ერთობლივი მოცულობა, რომელიც გამოხატულია M2 აგრეგატით (ნაღდი ფული+უნაღდო ფული ბანკების დეპოზიტებზე), 2010 წლისათვის შეადგენდა 50 ტრლნ დოლარზე ოდნავ მეტს. გასული წლის დასაწყისისათვის ფულადმა მასამ გადააჭარბა 71 ტრლნ დოლარს. ნაზრდმა შეადგინა 20 ტრლნ დოლარზე მეტი. თუმცა ბანკების „საბეჭდი მანქანის“ მუშაობას მსოფლიო ეკონომიკისათვის შვება არ მოუტანია (Катасонов В. Ю., 2016:338).

პირველი, ახალი ფული იმთავითვე მიედინება ფინანსურ ბაზრებზე სპეკულანტების მოსამსახურებისთვის, ხოლო ეკონომიკის რეალური სექტორი კვლავაც განიცდის „ფულის მწვავე შიმშილს“. მეორე, ძლიერდება ფულის (მისი მსყიდველობითუნარიანობისა და სავალუტო კურსების) არამდგრადობა; ფული კარგავს თავის საბაზისო ეკონომიკურ ფუნქციებს (ღირებულების საზომის, გაცვლის საშუალების და სხვ.). სხვა სიტყვებით, ფული კარგავს უნარს, იყოს ფული და იგი ხდება სპეკულაციისა და საზოგადოებრივი სიმდიდრის გადანაწილების ინსტრუმენტი „ფულის გამგებლების“ (ბანკირების, რომლებსაც მინიჭებული აქვთ უფლება, გამოუშვან ფული) ინტერესების სასარგებლოდ. 

საზოგადოებისა და მეწარმეთა იმ ნაწილის რეაქცია, რომლებიც არ განეკუთვნებიან „ფულის გამგებლების“ წრეს, წარმოადგენს მოქმედებას, რომელიც მიმართულია ოფიციალურ ფულზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. ასეთ მოქმედებას, სხვათა შორის, განეკუთვნება ახალი სახის ფულის გამოშვების სხვადასხვა პროექტები. ლიტერატურაში ასეთ ფულს უწოდებენ სხვადასხვანაირად: ალტერნატიული, სხვა, დამატებითი, პარალელური. ყველა ეს სახელწოდება ხაზს უსვამს იმ მომენტს, რომ ეს არის ფული, რომელიც განსხვავდება ოფიციალური ფულისგან. შეიძლება ასევე შევხვდეთ ალტერნატიული ფულის შემდეგ სახელწოდებას: კერძო, ადგილობრივი, რეგიონული, კოოპერატიული, თავისუფალი, ბარტერული, ვირტუალური. მსგავსი განსაზღვრება ყურადღებას ამახვილებს ალტერნატიული ფულის ამა თუ იმ მხარეზე.

ერთ-ერთი მთავარი ავტორიტეტი ალტერნატიული ფულის პრობლემებზე, თანამედროვე ბელგიელი ეკონომისტი ბერნარდ ლიეტერია, რომელიც თავის დროზე იყო ევროს პროექტის შემმუშავებელი. ლიეტერის შეფასებით, დღეისათვის მსოფლიოში მინიმუმ 2500 ალტერნატიული ფულადი სისტემა არსებობს (Катасонов В. Ю., 2016:340).

ყველაზე ხშირად ავტორები, რომლებიც აღწერენ ალტერნატიული ფულის სამყაროს, მათ უწოდებენ „კერძო ფულს“. ალბათ, ასეთი სახელწოდების არჩევაზე ძლიერი გავლენა მოახდინა ცნობილი დასავლელი (ავსტრიელი) ეკონომისტის, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის (1899-19992) ნაშრომმა „კერძო ფული“, რომელმაც დღის სინათლე 1976 წელს იხილა. მასში ავტორმა სრულიად მართებულად გააკრიტიკა ოფიციალური ფულადი სისტემები. მაგრამ მათი არასრულყოფილების მიზეზს ის ხედავდა იმაში, რომ ისინი ემყარებოდა იმ ფულს, რომელიც გამოიშვება სახელმწიფოს მიერ. აქ ფ. ფონ ჰაიეკი აშკარად ცდებოდა, რადგანაც  მთელი რიგი ცენტრალური ბანკები, რომლებიც უშვებენ ნაღდ ფულს, თავიანთი სტატუსით იყვნენ და არიან არასახელმწიფო ინსტიტუტები. უპირველეს ყოვლისა, ესაა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც აწარმოებს აშშ-ის დოლარების ემისიას. გარდა ამისა, უნაღდო ანუ სადეპოზიტო ფულის მასის დიდი ნაწილის ემისია ხდება კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც, მცირედი გამონაკლისის გარდა, წარმოადგენენ კერძო ორგანიზაციებს. ამიტომ სახელწოდება, რომელიც წარმოიშვა ფ. ფონ ჰაიეკის გავლენით („კერძო ფული“), წარუმატებლად შეიძლება ჩავთვალოთ. ფაქტობრივად ის საუბრობდა ფულზე, რომელიც იქნებოდა მსოფლიო ფინანსური ოლიგარქიის მიერ ემიტირებული ფულის ალტერნატივა. ავსტრიელი ეკონომისტი ფულს განიხილავდა, როგორც ჩვეულებრივ „საბაზრო საქონელს“, იბრძოდა და მხარს უჭერდა დეცენტრალიზებული ფულადი ემისიის სისტემას და ცალკეული სახის კერძო ფულს შორის კონკურენციის კულტივირებას.

და ოდესღაც სწორედ ასე იყო მოწყობილი მრავალი ქვეყნის ფულადი სისტემები. კერძოდ, ალტერნატიული ფულის სპეციალისტები არაიშვიათად ახსენებენ „თავისუფალი საბანკო ერის“ დროს (Free Banking Era) აშშ-ში, რომელიც არსებობდა 1837-1866 წლებში. ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ამერიკაში გამოშვებულ იქნა დაახლოებით 8 ათასი სხვადასხვა სახის ფული. ფულის გამოშვებით დაკავებულნი იყვნენ ცალკეული შტატები, მუნიციპალიტეტები, კერძო ბანკები, რკინიგზები, მაღაზიები, რესტორნები, ეკლესიები და თვით ცალკეული ინდივიდებიც კი. მაშინდელმა ფულის ემიტენტებმა მიიღეს „ველური ბანკების“ (wildcat banks) სახელწოდება. მსგავსი რამ არსებობდა სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებში. მაგალითად, იმავე დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად 1694 წელს ცენტრალური ბანკის (ინგლისის ბანკის) შექმნისა, ბანკნოტების ემისიით დაკავებული იყო მრავალი კომერციული ბანკი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ამასთან, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სახელმწიფო დღემდე ახდენს კერძო ბანკების ლიცენზირებას საკუთარი ქაღალდის ფულის გამოსაშვებად (Катасонов В. Ю., 2016:342).

საკმაოდ ხშირად, ალტერნალიული ფულის მთავარ სახეს უწოდებენ „თავისუფალ ფულს“. ბრუნვაში ეს ტერმინი შემოღებულ იქნა გერმანელი ეკონომისტისა და მეწარმის, სილვიო ჰეზელის მიერ (1862-1930), რომელიც ავტორია თეორიისა „თავისუფალი ეკონომიკა“ (Margrit Kennedy, 1995:19). თეორიის ძირითადი იდეა აისახა მის პირველ ნაშრომში „მონეტური საქმიანობის რეფორმა, როგორც გზა სოციალური სახელმწიფოსკენ“ (1891). „თავისუფალი ეკონომიკის“ იდეა დასრულებული სახით ფორმულირებულია ფუნდამენტურ ნაშრომში „თავისუფალი მიწა და თავისუფალი ფული, როგორც გზა ბუნებრივი ეკონომიკური წესრიგისკენ“ (1916). ინგლისურ თარგმანში წიგნი ცნობილია სახელწოდებით „ბუნებრივი ეკონომიკური წესრიგი“ (Silvio Gesell, 2010:115). ჰეზელის თეორიის „მარილს“ წარმოადგენს „თავისუფალი ფული“ (გერმ. Freigeld). მის ქვეშ იგულისხმება ფული, რომელიც „თავისუფალია პროცენტებისგან“. უფრო მეტიც, ამ ფულს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი პროცენტები, რაც მკვეთრად ამაღლებს მათ უნარიანობას, შეასრულოს მიმოქცევის ფუნქცია და ხელს უშლის მის გადაქცევას განძად, უმოქმედო კაპიტალად. ჯონ მეინარდ კეინზი თავის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ ხაზს უსვამს ჰეზელის თეორიის გავლენას მის საკუთარ კონცეფციაზე. კეინზი წერდა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი მეტს ისწავლის ჰეზელისგან, ვიდრე მარქსისგან“.

„თავისუფალი ფულის“ იდეის პრაქტიკული რეალიზაცია დაიწყო უკვე გერმანელი ეკონომისტის გარდაცვალების შემდეგ. ამას ხელი შეუწყო დაწყებულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. პირველ საკმაოდ მსხვილ ექსპერიმენტს „თავისუფალი ფულის“ დანერგვის შესახებ ადგილი ჰქონდა 1932 წელს ავსტრიის პატარა ქალაქში ვიორგლში. ექსპერიმენტის შედეგად, ქალაქში აიგო ხიდი, გაუმჯობესდა გზების მდგომარეობა, გაიზარდა კაპიტალდაბანდებები საზოგადოებრივ მომსახურებაში. სწორედ იმ დროს, როცა ევროპის მრავალი ქვეყანა იძულებული იყო ებრძოლა მზარდი უმუშევრობის წინააღმდეგ, უმუშევრობის დონე ვიორგლში შემცირდა ერთ წელიწადში 25 პროცენტით. როდესაც ავსტრიის 200 თემზე მეტი დაინტერესდა მოცემული მოდელით, ავსტრიის ეროვნულმა ბანკმა ამაში დაინახა თავისი მონოპოლიის მიმართ საფრთხე და აკრძალა თავისუფალი ადგილობრივი ფულის დაბეჭდვა. თუმცა, ვიორგლის ექსპერიმენტის შესახებ ცნობილი გახდა სხვა ქვეყნებში, „თავისუფალი ფული“ გაჩნდა მთელ მსოფლიოში, როგორც წესი, ცალკე აღებული ქალაქის და რაიონების დონეზე. „თავისუფალი ფული“ სხვადასხვა ვარიაციებით არსებობს ამჟამადაც. მათი გამოყენების სრულ მასშტაბზე ინფორმაცია არ არსებობს, რადგანაც პროექტების ავტორებს არ სურთ ამის მეტისმეტად გამომზეურება, შიშობენ რა ცენტრალური ბანკების მხრიდან აკრძალვების შემოღებას (Margrit Kennedy, 1995:20).

თუმცა, მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია ისე სწრაფად უარესდება, რომ ადგილობრივი ფულის გამოშვებას იწყებენ არა მხოლოდ პატარა ქალაქები და დეპრესიული სასოფლო რაიონები, არამედ მსხვილი ქალაქებიც კი. 2012 წლის ბოლოსათვის მასმედიაში გაიჟღერა, რომ ბრისტოლი გახდა პირველი ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, რომელმაც მიიღო საკუთარი ფულადი ერთეული. თავისი მსყიდველობითუნარიანობით ის უტოლდება ჩვეულებრივ ფუნტს. ქალაქმა დაბეჭდა სხვადასხვა ნომინალის კუპიურები 125 ათასი ფუნტის საერთო მოცულობით. იმავე დროს, ანგარიშსწორების ძირითადი მასა ხორციელდება უნაღდო ფორმით. პროგრამის დასაწყისში გაცხადდა, რომ მასში მონაწილეობის მიღებას დათანხმდა 350 ორგანიზაცია და კიდევ 1000 აპირებს მოგვიანებით შეუერთდეს მას.  პროექტში მონაწილეობის სტიმული იმ მაღაზიების მფლობელებისათვის, სადაც წავა ადგილობრივი ფული, გახდა ბრისტოლის ხელისუფლების გარანტია, რომლის მიხედვითაც ის მზადაა განახორციელოს ადგილობრივი ფუნტის თავისუფალი გადახურდავება ეროვნულზე (საკომისიოს გადახდით).

სხვათა შორის, ადგილობრივი ფული უკვე მიმოიქცევა აშშ-ის მრავალ საკმაოდ მსხვილ ქალაქში (კალიფორნიაში, ვისკონსინში, ორეგონში, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და მასაჩუსეტსში). მაგალითად, ბერკშირში (მასაჩუსეტსის შტატი), სადაც ცხოვრობს 130 ათასზე მეტი ადამიანი, 2006 წელს შემოღებულ იქნა ფულადი ერთეული სახელწოდებით BerkShares. პროექტში მონაწილეობს ბერკშირის დაახლოებით 350 ორგანიზაცია. BerkShares-ის ადგილობრივი ვალუტა შეიძლება გაიცვალოს ოფიციალურ ვალუტაზე კურსით: 0,95 აშშ-ის დოლარი 100 BerkShares-ზე. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ვალუტის პროექტის რეალიზაციაში ჩართულია ხუთი ბანკი, მათ 12 განყოფილებაში შესაძლებელია ვალუტის გაცვლა.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ალტერნატიული ფული, რომელმაც მიიღო „იტაკას საათის“ (Ithaca hour) სახელწოდება. ამასთან, ამ ვალუტას მარტივად უწოდებენ: საათი. ეს ადგილობრივი ვალუტაა, რომელიც შეიქმნა 1991 წელს ამერიკულ ქალაქ იტაკაში (ნიუ-იორკის შტატი). მისი დამაარსებელია პოლ გლოვერი. ახალი ვალუტის შემოღების შემდეგ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითნარიანობის ამაღლებას, რაიონში გამოცოცხლდა სოფლის მეურნეობა, რადგანაც დაიწყეს ადგილობრივი პროდუქციის უფრო მეტად ყიდვა. გლოვერის ვალუტა წარმოადგენს „შრომითი ფულის“ სახესხვაობას, რომლის მსყიდველობითუნარიანობა დამოკიდებულია მხოლოდ ადამიანის შრომითი დანახარჯის სიდიდეზე. გლოვერის სისტემაში შრომითი დანახარჯები განისაზღვრება დროით. ადგილობრივი ფულის მრავალი სისტემისგან განსხვავებით, რომელიც ეფუძნება მხოლოდ კომპიუტერებში ჩანაწერებს (ელექტრონული ფულის მრავალგვარობას), იტაკას ვალუტა წარმოადგენს ნაღდ ფულს და მაღალი ხარისხის ქაღალდის ნიშნებს, რომელიც გაყალბებისგან კარგადაა დაცული. თავდაპირველად სისტემის თითოეულმა წევრმა მიიღო კუპიურა 4 საათის თანხით (40 დოლარის ეკვივალენტით). მოგვიანებით გამოჩნდა კუპიურები სხვა ნომინალებით. დადგინდა გაცვლითი კურსი: ერთი იტაკას საათი=10 ამერიკული დოლარი. იტაკას საათის მაგალითზე შეიქმნა მსგავსი სისტემები ამერიკულ ქალაქებში მადისონსა (ვისკონსინი) და კორვალისში (ორეგონა). ანალოგები არსებობს სხვა ქვეყნებშიც. იოლია შევამჩნიოთ, რომ იტაკას ვალუტას გააჩნია მსგავსება ჩვენს ქვეყანაში კარგად ცნობილ შრომადღესთან _ კოლმეურნეობებში 1930-1966 წლებში შრომის რაოდენობისა და ხარისხის შეფასებასთან და აღრიცხვის ფორმასთან (Катасонов В. Ю., 2016:345).  

ალტერნატიული ფულის პროექტების შექმნაში ზოგიერთი ბანკებიც მონაწილეობს. ყველაზე ნათელი მაგალითია  შვეიცარიული პროექტი WIR (გერმ. Wirtschaftsring-Genossenschaft, სამეურნეო-საბაზრო კოოპერატივი). ინგლისურენოვან ლიტერატურაში WIR ასევე ცნობილია, როგორც Swiss Economic Circle („შვეიცარიული ეკონომიკური წრე“). WIR დაარსდა 1934 წელს, როგორც საგადახდო კრიზისის დაძლევის მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა დიდი დეპრესიის გავლენით. თავდაპირველად, ეს იყო კოოპერატივი, რომელიც ახორციელებდა მრავალმხრივ ბარტერულ ოპერაციებს შიდა ვალუტის გამოყენებით. კოოპერატივის მონაწილეთა წრე ფართო და ძალზე ჭრელი იყო: სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, მაღაზიები და სავაჭრო ფირმები, სამრეწველო კომპანიები. მაგრამ მთლიანობაში ეს იყო თითქმის მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესი. ამას დამატებული ფიზიკური პირი. თავდაპირველად პროექტში მონაწილეობდა 16 სუბიექტი (კოოპერატივის დამფუძნებლები). 1935 წლისათვის უკვე არსებობდა ანგარიშების 1000-ზე მეტი მფლობელი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საქონელგაცვლაში. 1936 წელს WIR-მა მიიღო ბანკის სტატუსი. WIR, როგორც ორგანიზაცია, ამიერიდან მოქმედებდა ორ იპოსტასში: როგორც ჩვეულებრივი სადეპოზიტო-საკრედიტო ორგანიზაცია (რომელიც მოქმედებდა შვეიცარიის საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად) და როგორც საქონელგაცვლითი კოოპერატივი, რომლის ფარგლებში გრძელდებოდა ბარტერული ვალუტის - WIR-ის გამოყენება. 

თავდაპირველად შიდა ვალუტა WIR-ს გააჩნდა ჰეზელის ფულის ნიშნები, ე.ი. მას ტვირთად აწვა უარყოფითი პროცენტები. ამასთან, ვალუტა WIR-მა მიიღო ასევე ოფიციალური სტატუსი კოდით CHW. ამ ალტერნატიულ ვალუტას გააჩნია მკაცრი საკურსო მიბმა შვეიცარიულ ფრანკთან (1:1). 1952 წელს კოოპერატივმა უარი განაცხადა ჰეზელის გადასახადის ამოღებისგან თავის ვალუტაზე WIR. კოოპერატივის მუდმივი წევრებისათვის ვალუტა WIR უწინდებურად რჩება უპროცენტო ფულად. ვალუტა WIR შვეიცარიულ ფრანკში და სხვა ვალუტებში არ კონვერტირდება. თუ ბანკის კრედიტები გაიცემა WIR-ის ფულად ერთეულებში, მაშინ ვალის დაფარვაც უნდა მოხდეს იმავე ვალუტაში. დღეს WIR Bank იქცა შვეიცარიის უმსხვილეს ფინანსურ დაწესებულებად (http://www.wir.ch/). დაახლოებით 65 ათასი მცირე და საშუალო საწარმო _ ქვეყნის ყველა საწარმოსა და ფირმის მეოთხედი, წარმოადგენს ამ გაერთიანების წევრს. მასში შედის ქვეყნის მცირე ბიზნესის საწარმოთა 99,7%, რომლებზეც მოდის შვეიცარიის ეკონომიკაში დასაქმებულთა 2/3. WIR-ის ვალუტის ყოველწლიური ბრუნვა შეადგენს საშუალოდ 2 მლრდ შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტს. ამასთან, ბანკის საქმიანობას ვერ ვუწოდებთ თანაბარს და სტაბილურს. მისთვის დამახასიათებელია პარადოქსული კანონზომიერება: ბანკის ბრუნვა და სხვა მაჩვენებლები იწყებს გაუმჯობესებას სწორედ იმ დროს, როცა ჩვეულებრივი ბანკები შედიან კრიზისის ფაზაში (Катасонов В. Ю., 2016:346).

დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს მრავალი მასმედია ალტერნატიული ფულის სახით პირველ პლანზე აყენებს ე.წ. კრიპტოვალუტებს. ამ ვალუტებიდან ყველაზე ცნობილია ბიტკოინები. ზოგიერთი ავტორები ასეთ ვალუტებს უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში მათ ექნებათ უნარი, გამოდევნონ ოფიციალური ფული. მაგრამ, ბიტკოინებსა და სხვა სახის კრიპტოვალუტებს მცირე საერთო რამ გააჩნიათ ფულთან, რომელიც უნარიანია, შეასრულოს ღირებულების საზომისა და სხვა ეკონომიკური ფუნქციები. კრიპტოვალუტებს ახასიათებთ სპეკულაციური ოპერაციებისა და აზარტული თამაშების ინსტრუმენტის აშკარად გამოხატული ნიშნები.       

დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის ისეთი ახალი სიტყვები, როგორიცაა „კრიპტოვალუტა“, „ციფრული ფული“, „ვირტუალური ვალუტა“, „ელექტრონული ფული“, „ბიტკოინები“, „ელექტრონული საფულეები“, „ბლოკჩეინები“, „ალტერნატიული ფული“, „ქსელური ფული“ და ა.შ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ მსგავსი ლექსიკონით სარგებლობდა ადამიანთა ძალიან ვიწრო წრე _ მათემატიკოსები, პროგრამისტები, საგადახდო და საკომუნიკაციო სისტემის სპეციალისტები, გამშიფრველები ბანკებიდან და სპეცსამსახურებიდან.

დღეისათვის კრიპტოვალუტებზე, ბიტკოინებსა და სხვა აბსტრაქტულ საგნებზე უკვე მსჯელობენ ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უმაღლესი დონის პოლიტიკური მოღვაწეები. მაგალითად, ბოლო საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში კრიპტოვალუტებზე, ბლოკჩეინებსა და ბიტკოინებზე თემა მრავალი მონაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამ თემაზე დავოსში თავისი აზრი გამოხატა კრისტინა ლაგარდმაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელმა. ზემოჩამოთვლილი ტერმინები აღწერს ნოვაციებს, რომლებმაც მოიცვა ფინანსების სამყარო XXI საუკუნეში. საუბარი ეხება ფინანსური ბაზრის უახლეს „ალტერნატიულ“ ოპერაციებსა და ინსტრუმენტებს. ტერმინოლოგია ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, ამიტომ ზოგჯერ დისკუსიის მონაწილეებს უჭირთ ერთმანეთის გაგება. არანაკლებ რთულია ფინანსების სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შეფასება სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, რომლებიც გამოსცემენ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას ფინანსურ სექტორზე და ფინანსურ ბაზრებზე. იზრდება ინტერესი „ალტერნატიული“ ინტერესებისა და „ალტერნატიული“ ოპერაციების მიმართ ფინანსურ ბაზრებზე ტრადიციული კერძო ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, აგრეთვე მილიონობით ჩვეულებრივი მოქალაქეების მხრიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

მთელ ამ ნოვაციებში გარკვევა მარტივი არაა პროგრამისტების, მათემატიკოსების, კომუნიკაციის სპეციალისტების საკმაოდ რთული, პროფესიული ენის გამოყენების გამო. მაგალითად, ვიკიპედიაში, რომელიც, პრინციპში, გათვლილია ფართო აუდიტორიაზე, ჩვენ ვპოულობთ ერთ-ერთი საკვანო ტერმინის, „კრიპტოვალუტის“ (Cryptocurrency) შემდეგ განმარტებას: კრიპტოვალუტა _ ციფრული ვალუტის სახეა, რომლის ემისია და აღრიცხვა ეფუძნება დაცვის სხვადასხვა კრიპტოგრაფიული მეთოდების, როგორიცაა Proof-of-Work და/ან Proof-of-Stake ასიმეტრიულ დაშიფრასა და გამოყენებას. სისტემის ფუნქციონირება ხდება დეცენტრალიზებულად განაწილებულ კომპიუტერულ ქსელში“.

მარტივად რომ ავხსნათ, კრიპტოვალუტა, იმ პირთა გაგებით, რომლებმაც შექმნეს ეს ვალუტა და სარგებლობენ ამით, ფულის ახალი სახეა, რომელიც არსებობს პარალელურად ტრადიციულ (ნაღდ და უნაღდო) ფულთან ერთად, მაგრამ მათგან არსებითად განსხვავდება.

პირველი, ასეთი „ალტერნატიული“ ფულით ოპერაციებს გააჩნიათ კარგი (ზოგიერთის მტკიცებით, 100-პროცენტიანი) ინფორმაციული დაცვა. აქედან მომდინარეობს ვალუტის სახელწოდებაც (ბერძნული სიტყვა „კრიპტო“ ნიშნავს ფარულს, საიდუმლოს).

მეორე, კრიპტოვალუტა - მხოლოდ და მხოლოდ კერძო ფულია (ე.ი., ის იქმნება და ეკუთვნის კერძო პირებს). ასეთი ფული სრულად „ემანსიპირებულია“ სახელმწიფოსგან, ამ უკანასკნელის მარეგულირებელი და საზედამხედველო ფუნქციებისგან.

მესამე, ის იქმნება და მიმოიქცევა დეცენტრალიზებულ სისტემაში. იგულისხმება, რომ ასეთი სისტემა წარმოადგენს მაქსიმალურად „დემოკრატიულს“, სისტემის რომელიმე მონაწილებს არ აძლევს საშუალებას დაეუფლოს სისტემას ან დააწესოს მასზე თავისი ერთპიროვნული კონტროლი.

ზოგიერთები ერთმანეთში ურევენ ოპერაციებს, რომლებიც ემყარება კრიპტოვალუტას, ინტერნეტ-ბენკინგთან (ელექტრონულ ბენკინგთან). მეორე შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი ვალუტები, ხოლო ოპერაციების დაცულობის ხარისხი უფრო დაბალია, რამდენადაც იქ სუსტ რგოლად იქცევა საბოლოო მოსარგებლეები; ასევე თვალთახედვიდან არ უნდა გამოგვრჩეს რისკები არაკეთილსინდისიერი შემმუშავებლის სახით. კრიპტოვალუტის მომხრეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფულის ეს ახალი სახე ადამიანებს უზრუნველყოფს მაქსიმალური თავისუფლებით. ისინი გამოდიან სახელმწიფოს მეურვეობიდან. ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსური ზედამხედველობის სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც ეჭვით ადევნებენ თვალყურს იმას, რომ არავინ ხელყოს საბანკო მონოპოლია ფულის ემისიის საქმეში, არ ძალუძთ გააკონტროლონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციები. კრიპტოვალუტებმა არ იციან ეროვნული საზღვრები, მათი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებშიც კი, როცა სახელმწიფოს შემოაქვს შეზღუდვები და აკრძალვები საერთაშორისო ანგარიშსწორებაზე. ფაქტობრივად, ესაა უახლესი, ელექტრონული ვერსია მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებული სისტემისა „ხავალა“ _ არაფორმალური საფინანსო-საანგარიშწორებო სისტემისა, რომელიც გამოიყენებოდა უპირატესად აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში (ეს სისტემა საშუალებას იძლევა, გვერდი ავუაროთ ჩვეულებრივ ნაღდი ფულისა და უნაღდო ფულის საზღვარზე გადაადგილებას).

განსაკუთრებით დაკმაყოფილებულნი არიან კრიპტოვალუტის გამოჩენით ავსტრიული ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლები, ლიბერტარიანელები. ისინი მთელი XX საუკუნის განმავლობაში დაჟინებით იბრძოდნენ ცენტრალური ბანკების მონოპოლიის წინააღმდეგ ფულადი ემისიის საქმეში, მხარს უჭერდნენ კერძო ფულზე გადასვლას (ამ სკოლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებია: მიზესი, ჰაიეკი, როტბარდტი).

დღეისათვის ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინია (BitCoin). ხშირად ის აღინიშნება ინგლისური აბრევიატურით BTC. ეს არის ვირტუალური ფული, რომელიც შექმნილია კერძო პირების მიერ, ამასთან, ასეთი ფულის ემიტენტი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. BTC-ის შექმნისას გამოიყენება გარკვეული ალგორითმები და პროგრამები, რომლებიც მოწყობილია ისეთნაირად, რომ მაქსიმალური რაოდენობა ბიტკოინებისა, რომლის შექმნაც შესაძლებელია, შეადგენს 21 მილიონს. BTC-ის გაერთიანების ყოველ ახალ წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ ახალი ვალუტის გამოყენებაში, არამედ მის შექმნაშიც (ასეთ შექმნას ეწოდება „მაინინგი“ _ ოქროს მოპოვების ანალოგიით). ადგილი აქვს BTC-ის მორიგი ბლოკის შექმნას, რომელიც აგრძელებს ბლოკების ჯაჭვის („ბლოკ-ჩეინების“) აგებას. BTC-ის რაოდენობა, ამ ფულადი ერთეულის შემმუშავებელთა ჩანაფიქრით, არ შეიძლება უსასრულოდ იზრდებოდეს. ბიტკოინი ამ თვალსაზრისით გვაგონებს ოქროს _ ლითონის ფულს, რომელიც ხასიათდება შეზღუდული მარაგით ბუნებაში. BTC-ის შემმუშავებლები, როგორც ჩანს, საიდუმლოდ იმედოვნებენ, რომ ახალი ვალუტა მოემსახურება საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის დიდ ბრუნვას და წინდახედულად არიდებენ თავს შესაძლო ინფლაციურ ეფექტებს, დებენ რა მასში BTC-ის დეფიციტს. მიუხედავად იმისა, რომ BTC ვირტუალური ფულადი ერთეულია, მას უწოდებენ მონეტას და თვალსაჩინოებისათვის სარეკლამო მასალებში გამოსახავენ ოქროს წრის სახით.

BTC ჯერ კიდევ თავის პირველ ნაბიჯებს დგამს. ახალი ვალუტის შესახებ ადამიანებმა პირველად გაიგეს 2008 წლის 31 დეკემბერს, როდესაც სამყაროს მოევლინა დოკუმენტი BTC-ის აღწერით, რომელსაც ჰქონდა პროექტის ავტორის, სატოში ნაკამოტოს (Satoshi Nakamoto) ხელმოწერა. მრავალი ვარაუდობს, რომ ეს არის ფსევდონიმი, რომლის მიღმა იმალება სხვა ადამიანი ან შემმუშავებელთა ჯგუფიც კი. ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი ჟურნალისტური კვლევა, მაგრამ ვერავინ შეძლო ენახა საკუთარი თვალით იდუმალი დამმუშავებელი სატოში ნაკომოტო. პროექტი დაიწყო 2009 წლის 3 იანვარს, როდესაც შეიქმნა პირველი ბლოკი BTC-ს ქსელში (ე.წ. გენეზის-ბლოკი). ეს დღე ითვლება ბიტკოინის დაბადების დღედ და BTC-ის გაერთიანების მიერ აღინიშნება მთელ მსოფლიოში.

დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა BTC-ის სისტემის მონაწილეთა საკმაოდ ფართო ქსელი (BTC-ის საზოგადოება), რომელიც მოიცავს ე.წ. „მაინერებს“ (მათ, რომლებიც ქმნიან ვირტუალურ ფულს ბლოკების სახით), რიგით მოსარგებლეებს (რომლებიც აგროვებენ BTC-ს თავიანთ „ელექტრონულ საფულეებში“ და ხარჯავენ მას), რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ბირჟებზე. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში გაჩნდა POS-ტერმინალები მაღაზიებში ბიტკოინებით ანგარიშსწორებისათვის, ბანკომატები კრიპტოვალუტებისათვის, აპარატული „საფულეები“ ბიტკოინისათვის. BTC-ის გაერთიანება ითვლის მილიონობით წევრს. სისტემა შეიძლება წარმოვადგინოთ დეცენტრალიზებული გამომთვლელი ქსელის სახით, რომლის მწარმოებლურობა რვაჯერ და უფრო მეტად აღემატება მსოფლიოში „სუპერკომპიუტერის“ კლასის ყველა მანქანის ჯამურ გამოთვლით სიმძლავრეს.

BTC-ს ხშირად უწოდებენ ოქროს ელექტრონულ ანალოგს. ბიტკოინი - „მაინინგის“ - გამომთვლელი ოპერაციების პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების გადაცემას ბლოკების ჯაჭვით. ადგილი აქვს ერთ ბლოკში ყველა ტრანზაქციის ჩაწერას, რომელიც შესრულებულია ქსელში წინა ბლოკის გამოშვების მომენტიდან (საშუალოდ, ბლოკების შექმნას შორის ინტერვალი შეადგენს დაახლოებით 10 წუთს), და ხდება მასზე „ბეჭდის დადება“ რთული კრიპტოგრაფიული ხელმოწერით. შემდეგი ბლოკი გამოითვლება წინამორბედის გამოწერის საფუძველზე. ყოველი მომდევნო ბლოკის „მოპოვების“ შრომატევადობა იზრდება. დასაწყისში 2009 წლის შემოდგომაზე ყველაფერი იყო ძალიან მარტივად და იოლად. 1 ერთეული BTC-ს ყიდვა შესაძლებელი იყო ერთ ცენტზე უფრო იაფად. მაგრამ BTC-ს ერთეულის „მოპოვების“ შრომატევადობა და მსყიდველობითუნარიანობა სწრაფად იზრდებოდა. BTC-ს გამოყენება დაიწყეს თავდაპირველად ყველაზე უბრალო საქონლის (მაგალითად, ფინჯანი ყავის და პიცების) საყიდლად, შემდეგ ის გამოიყენებოდა ფიჭური ტელეფონებისა და კომპიუტერების საყიდლად. წარმოიშვა სპეციალიზებული ბირჟები, სადაც ვაჭრობდნენ BTC-ის „მონეტებით“ ჩვეულებრივ ვალუტაზე. იყო მომენტი, როცა BTC-ის საბირჟო კურსმა მიაღწია 1000 აშშ-ის დოლარს.

ამასთან, BTC - არ წარმოადგენს ერთადერთ კრიპტოვალუტას მსოფლიოში. ზოგიერთი შეფასებით, არსებობს ათასზე მეტი მსგავსი ვირტუალური ვალუტა. მათგან ნაწილი წარმოებულია BTC-სგან, სხვები სრულიად ავტონომიურია, შექმნილი არიან „ნულიდან“. კრიპტოვალუტების საერთო მოცულობა, რომლებიც გამოშვებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დღეისათვის ითვლის თანხას, რომელიც რამდენიმე მილიარდი დოლარის ეკვივალენტურია. ჯერჯერობით ესაა ზღვაში წვეთი. მაგრამ, ვირტუალური ვალუტის მომხრეები არ დუნდებიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კრიპტოვალუტების ემისიის მოცულობა სწრაფად გაიზრდება, რადგანაც კრიპტოვალუტებს უდავო უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ ფულთან შედარებით. გარდა ამისა, BTC და სხვა ვირტუალური ფული ხასიათდება დეფლაციური ეფექტით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დღევანდელი მასაც კი გაზრდის თავის მყიდველობითუნარიანობას.

ზემოთ ჩვენ ძირითადად აღვწერეთ ის, თუ რა შეიძლება წავიკითხოთ კრიპტოვალუტაზე გამოცემებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სენსაციებისადმი, ან პუბლიკაციებში, რომლებიც ფარულად ახდენენ ახალი ვალუტის რეკლამირებას. ეს, ასე ვთქვათ, კრიპტოვალუტის „ნათელი მხარეა“. მაგრამ არსებობს „ჩრდილოვანი მხარეც“. ის მასმედიაში გაცილებით ნაკლებად შუქდება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ BTC პოტენციურად იდეალური ინსტრუმენტია ტერორიზმისა და სხვადასხვა სახის ფარული ოპერაციების, მათ შორის, „ნარინჯისფერი რევოლუციების“ დასაფინანსებლად. გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყნის მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ოფშორული იურისდიქციის გამოყენების პირობების გამკაცრების დროს კრიპტოვალუტამ შეიძლება დახმარება გაუწიოს მათ ახალი შეზღუდვების თავიდან აცილებაში. არსებობს ვერსია, რომ BTC ჩაისახა დასავლეთის სპეცსამსახურების წიაღში. ხოლო BTC-ის ზემოთ ნახსენები შემმუშავებელი სატოში ნაკამოტო _ უბრალოდ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის „საფარია“. სწორედ დასავლური სპეცსამსახურები ენერგიულად ახდენენ BTC-ის პროპაგანდასა და მის დაწინაურებას მთელ მსოფლიოში.

მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მონეტარული ხელისუფლების დამოკიდებულება BTC-ის მიმართ ძალზე ფრთხილია. არსებობს ნაღდი ფულის (ბანკნოტების) ემისიაზე ცენტრალური ბანკებისა და უნაღდო (დეპოზიტური) ფულის ემისიაზე კომერციული ბანკების მონოპოლიური უფლებისთვის ძირის გამოთხრის საშიშროება. მსოფლიოში ყოველ წელს მრავალრიცხოვან ცდას აქვს ადგილი სხვადასხვა ალტერნატიული ფულის შესაქმნელად. მაგალითად, ჰეზელის თავისუფალი ფულის (რომელიც გაჩნდა გასულ საუკუნეში დიდი დეპრესიის დროს) მსგავსი ადგილობრივი ფულის შესაქმნელად. ალტერნატიული ფულის სხვა მაგალითია კერძო ელექტრონული ფული ოქროს საფუძველზე (e-gold). არსებობს დიდი რაოდენობით კვაზიფული (ყველაზე მარტივი მაგალითი - თამასუქია). მცირე გამონაკლისის გარდა, მონეტარული ხელისუფლება ისწრაფვის, ჩანასახშივე აღკვეთოს მსგავსი პროექტები. ასეთი მკაცრი პოლიტიკის ფონზე, მრავალი ქვეყნის მონეტარული ხელისუფლების დამოკიდებულება ბიტკოინების მიმართ შეიძლება შევაფასოთ, როგორც საკმაოდ „ტოლერანტული“. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, გერმანია, ნიდერლანდები. აშკარად სიმპათიას გამოხატავს კრიპტოვალუტების მიმართ აშშ-ის ზოგიერთი შტატის ხელისუფლება. მაგალითად, ნიუ იორკის შტატის ხელისუფლებამ გადაწყვიტა „მოაწესრიგოს“ კრიპტოვალუტების ბაზრების განვითარების სტიქიური პროცესი და მოახდინოს ბიტკოინებით ოპერაციებზე ლიცენზიების გაცემის ორგანიზება. გასული წლიდან დაწყებული, ბიტკოინების მიმართ საკმაოდ „ტოლერანტული“ დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა ჩინეთის სახალხო ბანკმა. კრიპტოვალუტისადმი ხელისუფლების დამოკიდებულის ფორმულა დაახლოებით ასეთია: „ჩვენ არ ვკრძალავთ კრიპტოვალუტების გამოყენებას ოფიციალური ფულად-საკრედიტო სისტემის ფარგლებს გარეთ, მაგრამ, ამ დროს, ნებას არ ვრთავთ ალტერნატიული ვალუტებით განხორციელდეს ოპერაციები ბანკებითა და არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციებით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ რისკებზე, რომლებიც წარმოექმნებათ კრიპტოვალუტებით ოპერაციების მონაწილეებს, ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანია“. კრიპტოვალუტების სამართლებრივი სტატუსი ქვეყნების უმრავლესობაში აქამდე არ არის განსაზღვრული. ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენება ემყარება პრინციპს: ის, რაც არ არის აკრძალული, ნებადართულია. ამასთან, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ყოველგვარი პირობის გარეშე კრძალავენ კრიპტოვალუტებს. მაგრამ მათ შორის არ არის წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები. ძირითადად, ესაა მცირეზომის ქვეყნები ბოლივიისა და ეკვადორის ტიპის. რუსეთში კრიპტოვალუტების მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად თავშეკავებულია. შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიურია. რუსეთის ბანკმა 2014 წლის იანვარში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტები  „ფულადი სუროგატების“ ნაირსახეობაა, რომლებიც იკრძალება 27-ე მუხლის მიხედვით ფედერალური კანონით „რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის შესახებ“.   

მიღებულია ახალ კრიპტოინსტრუმენტებს ეწოდოს „ვალუტა“, „ფული“. მაგრამ ეს აშკარად გადაჭარბებაა. ნებისმიერი ფულის ძირითადი ფუნქცია „ღირებულების საზომის“ ფუნქციაა, ფულის დახმარებით განისაზღვრება ფასები საქონელზე, მომსახურებაზე, აქტივებზე, სამუშაო ძალაზე და ა.შ.. თვით თანამედროვე ოფიციალური ვალუტები ცუდად ასრულებს ამ ფუნქციებს, რადგანაც მსოფლიოში ჩამოყალიბდა ქაღალდის ფულის სტანდარტი, ხოლო ვალუტების კურსი მკვეთრი რყევებით ხასიათდება. მით უფრო მერყეობით ხასიათდება კრიპტოვალუტების კურსიც. სპეციალიზებულ ბირჟაზე, სადაც ვაჭრობენ ბიტკოინებით, ამ ვალუტის კურსები ერთი საოპრეციო დღის განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს ამა თუ იმ მიმართულებით 20 და უფრო მეტი პროცენტით. მაგალითად, ტიპურია სურათი, როცა ვაჭრობის დაწყებამდე 1 ბიტკოინი იცვლება 500 დოლარზე, ხოლო ვაჭრობის ბოლოს - 400 ან 300 დოლარზეც კი და პირიქით.

ზუსტად ასევე საეჭვოა, რომ კრიპტოვალუტები ასრულებდეს  ფულის ზუსტად ისეთ ფუნქციას, როგორიცაა „გაცვლის საშუალებისა“ და „გადახდის საშუალების“ ფუნქციები. მრავალრიცხოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება კრიპტოვალუტები  საქონლისა და მომსახურების საყიდლად - რეკლამების კატეგორიებიდანაა. კრიპტოვალუტების გამოყენებით ყველა ოპერაციის ლომის წილი, ესაა სხვა ვალუტებზე გაცვლა. თუ გავითვალისწინებთ კრიპტოვალუტების კურსის მკვეთრ რყევებს, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ ესაა მარტოოდენ სპეკულაციური ხასიათის ოპერაციები. მაშასადამე, კრიპტოვალუტები  ფული არაა, არამედ აზარტული თამაშების ინსტრუმენტი ე.წ. რულეტკის ან სათამაშო კარტის მსგავსი. მოთამაშეებს შორის ურთიერთობების რეგულირებისათვის კი გამოიყენება ჩვეულებრივი ვალუტები (Катасонов В. Ю., 2016:359).  

ზოგიერთ ქვეყნებში დაიწყო კომპანიებისა და პირების ლიცენზირება, რომლებიც მუშაობენ კრიპტოვალუტებით. მაგრამ, სახელმწიფოს ჩარევას კრიპტოვალუტების სფეროში არ შეუძლია (და არც კი ისწრაფვის) შეცვალოს ამ ინსტრუმენტის ბუნება. უბრალოდ იქმნება კიდევ ერთი „ბაგა“. აქ მოხდება აზარტული თამაშების მაორგანიზებელი ნახევრადკრიმინალური ელემენტებისა და საზედამხედველო ორგანოების შეზრდა. ეკონომიკა ამისგან, უკეთეს შემთხვევაში, ვერაფერს მოიგებს, უარეს შემთხვევაში წააგებს, რადგანაც ფული რეალური სექტორიდან კიდევ ერთ „სათამაშო მოედანზე“ წავა.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Катасонов В. Ю. Смертъ  денег. Метаморфозы долгового капитализма. Москва, книжний мир, 2016.
  2. Margrit Kennedy: Ineterest and Inflation Free Money, Published by Seva International, 1995.
  3. Silvio Gesell. “The Natural Economic Order”. Translated by Philip Pye M.A. 2010.
  4. www.geldreform.de
  5. http://www.wir.ch/